წვლილი

სასწავლო სათამაშოები
მდგომარეობა: 4.17%
წვლილის დასრულებამდე დარჩენილი დრო დასრულებული
პროექტის ბიუჯეტი 1320 ლარი
სასწავლო სათამაშოები თქვენი ბავშვებისთვის მსოფლიოს ხალხთა და ქართული ხალხური ზღაპრების მოტივებზე

ჩვენი პროექტის მიზანია ბავშვებში წიგნიერებისა და სამოქალაქო ცნობიერების დონის ამაღლება მათთვის ყველაზე გასაგები - სათამაშოებისა და თხრობის გზით.
აღსანიშნავია, რომ, მაგალითად, ესპანეთში სერვანტესის ნაწარმოებების პოპულარიზაციისთვის არსებობს ამ ნაწარმოებების საბავშვო ვერსიები, რომელთა მეშვეობით ბავშვები მცირე ასაკიდან იწყებენ კლასიკის ათვისებას.
დაახლოებით მსგავსი ამბიცია აქვს ჩვენს პროექტსაც: ვფიქრობთ, სათამაშოების გზით საბავშვო მოთხრობების, მსოფლიო ხალხთა და ქართული ზღაპრების პოპულარიზაცია იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი როგორც ბავშვებისათვის, ისე მთელი საზოგადოებისთვის.

 

ჩვენი პროექტის მიზანია შეიქმნას სათამაშო ანსამბლები მსოფლიო ხალხთა ზღაპრებისა და ქართული საბავშვო მოთხრობების მიხედვით

(იაკობ გოგებაშვილის და სხვათა ავტორობით).

სათამაშო ანსამბლების დამზადება იგეგმება იმ ნაწარმოებების მიხედვით, რომელთა აუდიობიბლიოთეკა შექმნილია საქართველოს ეროვნული არქივის მიერ მისი პროექტის ფარგლებში „მსოფლიო ხალხთა ზღაპრები / ქართული ზღაპრები - აუდიობიბლიოთეკა“; ასევე, იგეგმება სათამაშოების შექმნა ქართული მულტფილმების მიხედვით („სოფლის მაშენებელნი“, „ჩხიკვთა ქორწილი“, ...).
აუდიო ზღაპრების მაგალითისთვის იხილეთ ბმულები :
https://soundcloud.com/audio-archives-of-georgia/1974-12  - „ლომი და თაგვი“ - იაკობ გოგებაშვილი. კითხულობს: გიორგი გეგეჭკორი, 1974 წ.
https://soundcloud.com/audio-archives-of-georgia/1974-9a?in=audio-archives-of-georgia%2Fsets%2Fxp4awzpl1aje&utm_source=soundcloud&utm_campaign=share&utm_medium=facebook „მძინარე მზეთუნახავი“ - გერმანული ზღაპრები. კითხულობს: მედეა ჩახავა, 1974 წ.
ჩვენს მიერ შექმნილი სათამაშო ანსამბლებისა და არქივის აუდიო მასალის მეშვეობით ბავშვებს საშუალება ექნებათ ერთდროულად ითამაშონ და მოისმინონ საბავშვო ლიტერატურა. სათამაშო სრულად იქნება მორგებული ნაწარმოების არსსა და შინაარსზე.
მაგალითად, გოგებაშვილის მოთხრობის „ლომი და თაგვი“ მიხედვით შექმნილი სათამაშოს მეშვეობით ბავშვები შეძლებენ მცირე ასაკიდანვე აითვისონ კლასიკა და ცხოვრებისეული სიბრძნე, ისე, რომ აღმოაჩინონ ტყის გარემო, ცხოველები და მცენარეები.

სათამაშოები დამზადდება ნატურალური და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო მასალების მეშვეობით: ბამბა, თექა, ხე. ამ შემთხვევაში, კონკრეტულად ტყის გარემოს შესაქმნელად („ლომი და თაგვი“), მოხდება ცოცხალი ყვავილების (ჰერბარიუმი) დატანება „ველზე“, რომელზეც ასევე მინდვრის სხვადასხვა მცენარეები და ტყის სათამაშო ცხოველები იქნება განთავსებული. ბავშვს შეეძლება გადააადგილოს ფიგურები, საკუთარი ფანტაზიით განალაგოს და სურვილისამებრ განავითაროს ტყის „ცხოვრება“.

პროექტის ამოცანებს შეადგენს: სათამაშოების საბაზისო ფიგურა-მოდელების დამზადება, ნაწარმოების მიხედვით მოვლენების განვითარების გარემოს დამზადება მხოლოდ ბუნებრივი ხელნაკეთი მასალების გამოყენებით, ხოლო ნაწარმოებების თხრობის აუდიო მასალები, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ხელმისაწვდომია ონლაინ.
ჩვენს საიტზე http://he-art.ge/ (heart - "გულის ხელოვნება") უკვე იყიდება ხელნაკეთი სათამაშოები, შექმნილი ქართველი ხელოვანების მიერ. მათი დამზადებისას გამოყენებულია ძირითადად ბუნებრივი მასალები (ბამბა, მატყლი, ხე, თექის მასალა, თითოეულ სათამაშოზე მითითებულია შემადგენლობა), რაც ბავშვის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო პროდუქციის შეთავაზების საშუალებას გვაძლევს.
ჩვენ ვთანამშრომლობთ როგორც კერძო ხელოვანებთან, ასევე სახელოსნოებთან. მათი მოწოდებული პროდუქცია მათივე ხელითაა შექმნილი. ახალი სათამაშო ანსამბლები სწორედ ქართველი ხელოვანების მიერ დამზადდება .
ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ბავშვის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო სათამაშოები იყოს დამზადებული, რადგან პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ ბავშვები 3-დან 11 წლის ასაკამდე.

 

მოსალოდნელი შედეგები:
პროექტის უმთავრესი შედეგი იქნება მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.
მსოფლიო ხალხთა და ქართული კლასიკური, ჰუმანური პრინციპების მატარებელი ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი სათამაშოები მნიშვნელოვან როლს ითამაშებს არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენისა და ძალადობის პრევენციის საქმეში.
აღსანიშნავია ასევე, რომ პროექტის ფარგლებში შექმნილი სათამაშოები იქნება მხოლოდ ბუნებრივი მასალებისგან (ხე, თიხა, ბამბა, მატყლი...) დამზადებული, შესაბამისად უსაფრთხო ბავშვის ჯანმრთელობისთვის, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას.
გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ მოსწავლეთა სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობას. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ბავშვები ხშირად ცხოვრობენ ოჯახებში, სადაც მათ ქართულად არავინ ესაუბრება. ასეთ შემთხვევაში ორმაგად სარგებლის მომტანია სათამაშო, რომლის შესაბამისი ნაწარმოები ქართულად იქნება მოთხრობილი.
და ბოლოს, კლასიკური ნაწარმოებების ამგვარი პოპულარიზაციის გზით მოხდება ჭეშმარიტი ღირებულებების გათავისება ბავშვობის ადრეული ასაკიდან, რაც საშუალებას მისცემს შემდგომში ჩვენ ახალგაზრდებს თავიანთი გამორჩეული წვლილი შეიტანონ მსოფლიოს განვითარების საქმეში.


პროექტის ბიუჯეტი:
სათამაშოს საბაზისო მატერია არის ბუნებრივი მასალა: ხე / ბამბა / მატყლი.
ფიგურა მოდელების დამზადებისა და სათამაშოების მოთხრობისეული გარემოს შესაქმნელად გვესაჭიროება 1000 ლარი. ამ ბიუჯეტით შესაძლებელია რამდენიმე ზღაპრის მოდელის / მაკეტის შემუშავება.
ინტერნეტ მაღაზიის სამთვიანი პაკეტის უზრუნველყოფა - 170 ლარი.
შესაფუთი მასალისა და დისტრიბუციის ხარჯები - 150 ლარი.
სულ: 1320 ლარი.
აღნიშნული ბიუჯეტის ფარგლებში პროექტის ხანგრძლივობა დაახლოებით სამ თვეს გასტანს და მოხერხდება 3-4 სათამაშო მოდელის დამზადება. მითითებულზე მეტი თანხის შეგროვების შემთხვევაში პროექტი გაგრძელდება, ხოლო სათამაშოები გამრავალფეროვნდება.

საჩუქრები:
უღრმეს მადლობას გიხდით ყველა მხარდამჭერს. ვფიქრობთ, ერთად შეგვიძლია სასარგებლო საქმის კეთება.
თუ შემოიტანთ 10-20 ლარამდე, საჩუქრად მიიღებთ ხელნაკეთ სამაჯურს ან ხის ულამაზეს ბროშს (იხ. საიტი http://he-art.ge/).
თუ შემოიტანთ 20-35 ლარამდე, საჩუქრად მიიღებთ ხელით დამზადებულ სათამაშოს/ თოჯინას.
35-დან 50 ლარამდე - ხელნაკეთი თოჯინა + ხის ულამაზესი საყურე.
50-75 ლარამდე - ბამბის ქსოვილებისგან/ თექისგან დამზადებული სათამაშო ანსამბლი შექმნილი ეროვნული არქივის აუდიო ზღაპრის / მოთხრობის მიხედვით („ლომი და თაგვი“ ან სხვა მოთხრობა).
75-120 ლარამდე - სათამაშო ანსამბლი შექმნილი ეროვნული არქივის აუდიო ზღაპრის / მოთხრობის მიხედვით (მასალა: ბამბისა და მატყლის ქსოვილები) + ხელნაკეთი თოჯინა + ხელნაკეთი ბროში.
120 ლარი და მეტი - ხისგან დამზადებული სათამაშო ანსამბლი შექმნილი ქართული მულტფილმის („სოფლის მაშენებელნი“ / სხვა ) ან ეროვნული არქივის აუდიო ზღაპრის მიხედვით.
საჩუქრების გაცემა მოხდება დაფინანსების კამპანიის დასრულების შემდგომ პროექტის რეალიზაციისთანავე, სექტემბრისა და ოქტომბრის თვეებში.

პროექტის ავტორის შესახებ:
გამარჯობა. მე ვარ მარიამ ჯამაგიძე. დავამთავრე ითბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, მარკეტინგის მიმართულებით. ამის შემდეგ კი, ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურა ტურიზმის მიმართულებით, რომლის დროსაც მივიღე მონაწილეობა სხვადასხვა პროექტებში, გავეცანი მაღალმთიანი მოსახლეობის ცხოვრებას და ამის შემდეგ გამიჩნდა სურვილი რაიმე ისეთის კეთების, რომელიც მცირედით წაახალისებდა ადგილობრივ ხელსაქმეს, მრეწველობას. გავაკეთეთ საიტი, სადაც გვინდოდა რეგიონებში დამზადებული ხის სათამაშოების, აქსესუარების განთავსება, თუმცა ბიუჯეტის სიმცირიდან გამომდინარე, შემოვიფარგლეთ მხოლოდ თბილისით.
აქვე დავამატებ,რომ მყავს პატარა ძმა,რომლის სწორ განვითარებაზე,მისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნაზე ზრუნვა არის ოჯახის თითოეული წევრის პრიორიტეტი. სწორედ ამიტომ, აღნიშნული პროექტით, ვფიქრობ, ხელს შევუწყობთ ბავშვებისთვის ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნას და ამავდროულად, ქართული ტრადიციული ზღაპრების გაცნობას ფართო საზოგადოებისთვის.
მადლობას გიხდით გვერდში დგომისა და თანამშრომლობისთვის.

პარტნიორები

შეუკვეთე ზარი
დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით