წვლილი

მოაწყე შენი ეზო "ბარბალეში"
მდგომარეობა: 20.28%
წვლილის დასრულებამდე დარჩენილი დრო 43 დღე
პროექტის ბიუჯეტი 5000 ლარი
მოაწყე შენი ეზო "ბარბალეში"
პროექტის განხორციელების ადგილმდებარეობა : აწყური, ახალციხის მუნიციპალიტეტი.
ორი წელია რაც ჩვენ, ორი მეგობარი: ქეთი დიდმანიძე და გაგა მუმლაძე სოფლის მეურნეობას შევეჭიდეთ. ბევრი რამ ვისწავლეთ და ბევრიც კიდევ სასწავლი გვაქვს. ნელნელა გამოიყო ძირითადი მიმართულებები და გადავწყვიტეთ, რომ ერთ-ერთი აქედან ტურიზმი ყოფილიყო.
აწყური საკმაოდ აქტიური სოფელია, აქ იწყება ძალიან ლამაზი ბილიკი, რომელიც ამარათის მთაზე ადის, ამიტომ მოლაშქრეებიც მრავლად არიან. მიუხედავად უპირობობისა, ჩვენთანაც მუდამ სტუმრიანობაა, ქართველი და უცხოელი მოხალისეები, ჩვენი საყვარელი მეგობრები და სტულიად უცხო ადამიანებიც ხშირად მოდიან და რჩებიან ჩვენს პატარა სამოთხეში. გვეხმარებიან ფიზიკურად, გვაწვდიან საინტერესო იდეებს და აი, ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ უკვე დრო იყო სასტუმროც გაგვეკეთებინა. დავიწყეთ ჩვენი ძალებით, საკმაოდ დიდი სამუშაოები ჩავატარეთ: გავაკეთეთ დიდი ბუხარი, დიდი ვერანდა, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება და ჩვენი საყვარელი ადგილია ყავის დასალევად. შევქმენით მანამდე არარსებული კანალიზაციის სისტემა, შემოვიყვანეთ წყალი და სველი წერტილებიც დავამონტაჟეთ. ეზოში გავაკეთეთ ტალავერი და ვაზის მუზეუმისათვის ტერასის გაკეთებაც დავიწყეთ.
სარემონტო სამუშაოების 70% დასრულებულია, მაგრამ სამწუხაროდ აღარ დაგვრჩა თანხები მათ დასასრულებლად . როგორც ყოველთვის რემონტისას ხდება, გაცილებით მეტი სამუშაოები მოითხოვა ამ პაწაწინა სახლმა და ჩვენც შევჩერდით უსახსრობის გამო.
ამ პორტალის შესახებ სრულიად შემთხვევით შევიტყვეთ ინტერნეტიდან და გადავწყვიტეთ რომ თქვენთვის მოგვემართლა. დიახ თქვენთვის, ჩვენი ძველი თუ ახალი მეგობრებისათის და საეროდ უცხო ადამიანებისათვის. დაგვიდექით გვერდით, დაგვეხმარეთ ამ საუცხოო, ლამაზი, აქტიური კუთხის მოწყობაში და დაისვენეთ შემდეგ ჩვენთან ერთად.
პროექტის ბიუჯეტი :
1) აბაზანის დასრულება - 300 ლარი.
2) სამზარეულოს მოწყობილობები - 1000 ლარი.
3) იატაკის გაპრიალება ("ციკლოვკა") და ლაქი - 450 ლარი.
4) ტერასისათვის ქვების და წნელების მოზიდვა, მიწის ამოჭრა და ღობეების გაკეთება - 500 ლარი.
5) თონის ყიდვა და დამონტაჟება - 200 ლარი.
6) სახლამდე მისასვლელი ბილიკის გაფართოება და ქვებით მოპირკეთება, ბილიკის სანათების შეძენა და დამონტაჟება - 600 ლარი
7) სამანქანე გზის მოპირკეთება ეზოში - 500 ლარი.
8) ავეჯი - 1450 ლარი.
საჩუქრები :
5-დან 10 ლარამდე - „ბარბალეს“ ჩურჩხელები;
11-დან 30 ლარამდე - ჩურჩხელა და ჩირების ნაკრები;
31-დან 50 ლარამდე - ჩირები, მურაბა;
51 ლარიდან - ღამისთევა ჩვენს გარემონტებულ ქოხში.
გთხოვთ, წვლილის შეტანისას თქვენი კოორდინატებიც მიუთითოთ, რათა საჩუქრების გადმოცემა შევძლოთ.
ავტორის შესახებ : 2015 წელს ორი ქართველი და ორი გერმანელი მეგობარი თუშეთში სამოგზაუროთ წავედით, ოქტომბრის დასაწყისში ამინდი უკვე ირეოდა და აწუნთას უღელტეხილზე გადასვლა თოვლის გამო ვეღარ შევძელით, შემოვიფარგლეთ მხოლოდ უნიკალური თუშური კულტურის გაცნობით და მცირე ლაშქრობებით. 5 ოქტომბერს კვავლოდან დართლოსკენ ვეშვებოდით, როცა ასკილის ბუჩქი შევნიშნეთ, რომელსაც წვიმისაგან დასველებული, მწიფე ასკილის ნაყოფი ამშვენებდა, ასკილი იქცა ჩვენი შთაგონების წყაროდ, და გადავწყვიტეთ, რომ დაგვეწყო სოფლის მეურნეობის ბიზნესი. 2015 წლის დეკემბერში ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში არსებულ ნაკვეთებს დავამატეთ ახალი ფართობები და ქეთიმ იყიდა სახლი, რომელსაც დღეს “ბარბალეს” სახლს ვუწოდებთ (გაგა აწყურიდანაა). ჩვენი მიზანი დასაწყისშივე იყო ჯანსაღი პროდუქციის წარმოება, გვაქვს ჩვენი პრინციპები და ფასეულობები, ჩვენ მიზნამდე რთულ გზას გავდივართ, თუმცა მონდომებისა და მეგობრების დახმარებით თანდათან ვვითარდებით. ჩვენს მეურნეობას დავარქვით სახელი “ბარბალე”, რაც ქართული მითოლოგიის ნაყოფიერების ქალღმერთის სახელია. ასევე გვაქვს გერბი (ლოგო), რომელიც არის გოგრის ფორმის, გოგრა კი ბარაქიანობის სიმბოლოა. სტაფილოსფერი თანამედროვე ჰერალდიკაში მეგობრობის სიმბოლოა, ლურჯი ფერი კი ნდობის. ეს ორი ფასეულობა ჩვენთვის მთავარია. აგრეთვე გვაქვს სლოგანი: “ჩვენ ვაწარმოებთ ჯანმრთელობას”. დღეისათვის “ბარბალეს” მოჰყავს ეკოლოგიურად სუფთა, ორგანული ბოსტნეული. აგრეთვე ვაკეთებთ მცენარეულ ჩაიებს, გვყავს ფუტკრები და ვაწარმოებთ ნატურალურ თაფლს. ხილისაგან ვაკეტებთ ჩირებს და მურაბებს, ჩვენი შეთავაზებები აგრეთვე მოიცავს აგრო და კულინარიულ ტურებს, რომელშიც აქტიურად არის ჩართული ჩვენი სამეზობლო, რითაც უმჯობესდება მათი ეკონომიური მდგომარეობა. სამუშაო პრინციპი ძირითადად მოხალისეობრივ შრომაზეა დამყარებული, მხოლოდ 2017 წლის განმავლობაში "ბარბალეს" სტუმრები 11 სხვადასხვა ქვეყნიდან ეწვივნენ.
მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის!

პარტნიორები

შეუკვეთე ზარი
დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით