წვლილი

ხელნაკეთი თოჯინების სტუდია-სახელოსნო
მდგომარეობა: 0.49%
წვლილის დასრულებამდე დარჩენილი დრო 17 დღე
პროექტის ბიუჯეტი 48742 ლარი
თოჯინებს მოაქვთ ბედნიერება ყველა ასაკში!


პროექტის მიზანი:
ჩემი მიზანია თბილისში ხელნაკეთი საკოლექციო თოჯინების გალერეა-სტუდიის შექმნა , სადაც შესაძლებელი იქნება როგორც უნიკალური ხელნაკეთი საკოლექციო თოჯინების დათვალიერება, ასევე მათი შექმნის შესწავლა. ასეთი გალერეა- სტუდია საქართველოში არ არსებობს. იგი საინტერესო იქნება როგორც ქალაქის სტუმრებისათვის , ასევე თბილისელებისათვის .
უკვე რამოდენიმე წელია ვასწავლი თოჯინების შექმნის ხელოვნებას და დამერწმუნეთ , უზარმაზარია ამ საქმისადმი ინტერესი სხვადასხვა ასაკის ადამიანებში, როგორც ზრდასრულებში, ასევე ბავშვებში.
ვფიქრობ, ამ გალერეა-სტუდიის შექმნით , ერთი საინტერესო კულტურული ობიექტი შეემატება ჩვენს დედაქალაქს
.

პროექტის დეტალური აღწერა :
ამ პროექტის განხორციელებაზე დიდი ხანია ვოცნებობ. ძალიან მინდა, რომ თბილისში არსებობდეს ისეთი ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნება ხელნაკეთი საავტორო თოჯინების დათვალიერება, შეძენა და რაც მთავარია მისი გაკეთების შესწავლა.

სტუდიაში მოსული ადამიანები შეისწავლიან თოჯინის გაკეთებას. იქნება სამი სახის კურსი:
- ერთი ზრდასრულთა და ბავშვთათვის, რომლის ფარგლებში შეისწავლება რბილი თოჯინის გაკეთება, ეკოლოგიურად სუფთა მასალისაგან, მატყლით და ქსოვილით.
- მეორე კურსი განკუთვნილია მხოლოდ ზრდასრულთათვის და შეისწავლება საავტორო საკოლექციო უნიკალური თოჯინის შექმნა. ესაა კურსი დამწყებთათვის, რომლის ფარგლებში გაკეთდება სტატიური თოჯინა: იძერწება მხოლოდ თავი, კისერი და კიდურები, კეთდება ტანი მეტალის კარკასზე , იკერება სამოსი, კეთდება თმები, მაგრდება ხის სადგამზე. გამზადებულ თოჯინას ავტორი წაიყვანს სახლში.
- მესამე კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც უკვე იცის სტატიური თოჯინის გაკეთება. ამ კურსის ფარგლებში გამოიძერწება თავი უფრო დეტალურად, გულმკერდი(დეკოლტეს არე) და კიდურები. კეთდება ყველა სახსარში მიძრავი ტანი მეტალის კარკასზე, მაგნიტით, დამჯდარ მდგომარეობაში. იკერება ასევე სამოსი, ფეხსაცმელი, კეთდება თმები. ასევე შეისწავლება თოჯინისათვის განკუთვნილი ავეჯის გაკეთება, მაგალითად: სავარძელი, სკამი. ასევე თოჯინებისათვის განკუთვნილი სხვადასხვა აქსესუარის დამზადება.
კურსდამთავრებულებს შეეძლებათ დამოუკიდებლად მუშაობის გაგრძელება და განსაკუთრებული წარმატების შემთხვებაში თოჯინების გამოფენებში მონაწილეობა.

ბიუჯეტი:
თოჯინების დამზადებას უკვე მრავალი წელია ვასწავლი ჩემს პატარა ბინაში, სადაც ამისათვის არც ფართობია და არც პირობები . თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში შევიძენდი სულ პატარა ფართს 22 კვ მეტრამდე , სადაც შევძლებ ჩემი პროექტის განხორციელებას.
აქედან გამომდინარე, ჩემი პროექტის ბიუჯეტი ასე გამოიყურება:
- საშუალოდ თბილისში 1 კვ მეტრი ფართობის ფასია 874 $ ანუ 2172 ლარი. 22 კვ მეტრის ფასი 47784 ლარია.
- საძერწი მასალა "la doll" საწყის სტადიაზე 10 ცალი 0,5 კგ-იანი პაკეტი (ერთი პაკეტი ყოფნის ორ მოსწავლეს ერთ კურსზე). შემდეგ საძერწ მასებს მე თვითონ ჩემი ხარჯებით შევიძენ. ერთი პაკეტის ფასია 26 ლარი, აქედან გამომდინარე , 10 პაკეტისატვის 260 ლარი.
- საკერვი მანქანა 2 ცალი (ესაა ყველაზე მინიმალური რაოდენობა და ყველაზე იაფი საკერავი მანქანა ჩემს მიერ მოძიებული ინტერნეტმაღაზიაში) toyota SPD -15 - 2 ცალის ფასი 698 ლარი.
სტუდიის რემონტს , გათბობის სისტემის დაყენებას და საჭირო ავეჯით აღჭურვას ჩემი ხარჯებით მოვახერხებ. თოჯინის შესაქმნელად საჭირო ყველა დანარჩენ მასალას, ქსოვილებს , სინტიპონს, სპილენძის სხვადასხვა დიამეტრის კაბელს, აკრილის საღებავებს, 3 სახის ლაქს, ნატურალურ ტყავს, თმებს, 3 სახის წებოს და სხ. ასევე ჩემი ხარჯებით შევიძენ.
დიდი იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის, ჩემო მეგობრებო, ნაცნობებო, უცნობო ადამიანებო, ჩემი ხელოვნების გულშემატკივრებო.

საჩუქრები:
თითოეული თქვენგანის მიერ შემოწირული თანხისათვის ძალიან მადლობელი ვიქნები და გთავაზობთ სიმბოლურ საჩუქრებს:
1-5ლ ჩემი პერსონალური გამოფენის მოსაწვევი.
6-10ლ ჩემი დიზაინით შექმნილი ხელნაკეთი სანიშნე.
11-20ლ ხელნაკეთი ნაძვის ხის ბურთი.
21-30ლ ჩემს მიერ დაძველებით დეკორირებული ვარდისფერი ზარდახშა.
31-60ლ ჩემს მიერ დაძველების მეთოდით და ლ. გუდიაშვილის ნახატის პრინტით გაფორმებული დიდი ზომის ზარდახშა.
61-80ლ რბილი საავტორო თოჯინა "უცნაური ქალი".
81-120ლ რბილი საავტორო თოჯინა "იაპონელი ქალი".
121-160ლ რბილი თოჯინა "წითელი ჯამბაზი".
161-200ლ დიდი ზომის რბილი თოჯინა გოგონა.
201-260 საკოლექციო თოჯინა ერთადერთ ეგზემოლარში, 20 სმ სიმაღლის ჯამბაზი შავი ქუდით.
261-310ლ 25%იანი ფასდაკლება თოჯინების შემსწავლელ კურსზე.
311-410ლ 25% ფასდაკლება თოჯინების შემსწავლელ სამივე კურსზე.
411ლ და ზემოთ ხელნაკეთი საკოლექციო თოჯინა გოგონა პიერო (ერთადერთი ეგზემპლარი) 37 სმ სიმაღლის, მწვანე ბარხატის სამოსით.

ავტორის შესახებ:
დავიბადე სამაჩაბლოში, პედაგოგების ოჯახში. დავამთავრე თბილისის მე 10 საშუალო სკოლა, მესამე სამედიცინო სასწავლებელი წარმატებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი, ექიმთა დიპლომის შემდგომი გადამზადება ოფთალმოლოგიაში. ვმუშაობ თბილისის ერთერთ ბავშვთა კლინიკაში ოფთალმოლოგად. მყავს მეუღლე და 27 წლის ვაჟი.
ბავშვობაში მეგონა, თუ კარგად მოვუვლიდი თოჯინას, იგი გაცოცხლდებოდა . მაშინ არა, მაგრამ მრავალი წლის შემდეგ თოჯინებმა მართლაც ჩემს სიცოცხლეში მნიშვნელოვანი ადგილი დაიჭირეს.
პირველი რბილი თოჯინა "პეტრიკელა" 26 წლის წინ შევკერე ჩემი შვილისთვის. აქედან დაიწყო ჩემი მეთოჯინეობით გატაცება. ბოლო 8 წელია ვქმნი საკოლექციო საავტორო ხელნაკეთ ნაძერწ თოჯინებს ერთ ეგზემპლარად.
მქონდა 2015 წ პირველი პერსონალური გამოფენა. ა.წ. დეკემბერში მექნება მეორე პერსონალური გამოფენა.
მონაწილეობა მაქვს მიღებული თბილისში უამრავ ჯგუფურ გამოფენაში, ასევე თბილისის პირველ და მეორე საერთეშორისო გამოფენებში, უცხოეთში , პრაღის, მიუნსტერის, ბაქოს, ალიკანტერ გამოფენებში.
ჩემი ნამუშევრები ინახება გერმანიის, ამერიკის, რუსეთის, ჩინეთის, საფრანგეთის, ინდოეთის, ისრაელის, აზერბაიჯანის , თბილისის კერძო კოლექციებში.
ბოლო წლებში ჩამოვაყალიბე ხელნაკეთი თოჯინების შემსწავლელი ჯგუფები როგორც ბავშვებისათვის, ასევე ზრდასრულთათვის.
ჩემი ოცნებაა, თოჯინების გალერეა-სტუდიის შექმნა. ამ მიზნით არაერთი თხოვნით მივმართე სხვადასხვა ინსტანციას, უშედეგოდ.
ახლა თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს მეგობრებო.
წინასწარ ყველას დიდ მადლობას გიხდით შემოწირულობისათვის, არა აქვს მნიშვნელობა თანხის რაოდენობას, ყველა მნიშვნელოვანი იქნება ჩემი პროექტისათვის.
თქვენი ნანა ყაულაშვილი.

ხელნაკეთი თოჯინების შექმნა შეცვლის თქვენს ცხოვრებას და მოგიტანთ ბედნიერებას!





როგორ მოხვდა ნანა ყაულაშვილის თოჯინები გერმანიაში http://tbiliselebi.ge/index.php?newsid=268444855

ნანა ყაულაშვილის სევდიანი თოჯინები, რომლებიც ყველას თავს აყვარებენ https://www.shin.ge/index.php/2015-08-11-07-20-22/khelmarjve/910-nana-kaulashvilis-sevdiani-tojinebi-romlebits-kvelas-tavs-akvareben

ნანა ყაულაშვილის ხელნაკეთი თოჯინები http://www.ambioni.ge/nana-yaulasvili 

თოჯინები, რომლებიც არ იცინიან https://www.youtube.com/watch?v=arlpZ4bHa54&feature=youtu.be

"პიკის საათს" თიხის თოჯინები ესტუმრნენ https://www.youtube.com/watch?v=pPII59tCgZk&feature=youtu.be

პარტნიორები

შეუკვეთე ზარი
დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით