წვლილი

"სივრცე ქალური საუბრების" აპლიკაციის შექმნა
მდგომარეობა: 18.54%
წვლილის დასრულებამდე დარჩენილი დრო დასრულებული
პროექტის ბიუჯეტი 11000 ლარი

"სივრცე ქალური საუბრების" აპლიკაციის შექმნა




დაიცავი სხვა

პროექტის მიზანია
შეიქმნას აპლიკაცია, რომლის გადმოწერისა და გამოყენების შედეგად შეიქმნება ინფორმაციული ბაზა ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროვებისა და ძალადობის შესახებ. პროექტის მიზანს წარმოადგენს ინფორმაციის გაზიარების საფუძველზე სოლიდარობის ქსელის შექმნა და სექსუალური ძალადობისა და შევიწროვების ფართომასშტაბიანი აღქმა საქართველოს პირობებში.
პროექტის დეტალური აღწერა: ერთ წელზე მეტია, რაც შევქმენი ჯგუფი "სივრცე ქალური საუბრებისთვის", რომელიც პირველი ონლაინ სივრცეა სექსუალური განათლების გავრცელებისთვის. ჯგუფი მალევე იქცა ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად ქართულ სივრცეში. ქალების დაინტერესება ჯგუფით არის ძალიან მაღალი და მათი ჩართულობა აისახება ჯგუფის აქტიურ და წარმატებულ ფუნქციონირებაში. დღეისათვის ჯგუფის წევრი ქალების რაოდენობა 74 647-ია, წევრობის დამატებას კი 20 000-ზე მეტი ქალი ელოდება. ჯგუფის წესებიდან გამომდინარე შეიქმნა სივრცე, რომელშიც ათასობით ქალმა ხმა აიმაღლა და გააჟღერა ისეთი მნიშვნელოვანი პირადი ისტორიები, როგორიცაა სექსუალური ძალადობა და შევიწროვება, ძალადობა ოჯახში, ბულინგი, ფსიქოლოგიური ზეწოლა, შანტაჟი და ა. შ. ჯგუფის წევრი ქალების დახმარებით შეიქმნა ერთგვარი ქალთა სოლიდარობის ქსელი და გასაჭირში მყოფი ქალების დახმარება ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად იქცა. ამ ერთი წლის განმავლობაში ჯგუფის სახელით ჩატარდა საგანმანათლებლო ვორქშოფები, გადაითარგმნა საგანმანათლებლო სტატიები და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჯგუფმა ათასობით ქალი გააერთიანა ერთი იდეის გარშემო - ურთიერთდახმარება და ქალური სოლიდარობა.

ყველა ქალს სიცოცხლის განმავლობაში ერთხელ მაინც გამოუცდია სექსუალური ძალადობა თუ შევიწროვება. ჯგუფში ჩავატარე გამოკითხვა: "ცხოვრების განმავლობაში თუ ყოფილხართ სექსუალური შევიწროვების ან ძალადობის მსხვერპლი?" 2234-მა ქალმა მიიღო გამოკითხვაში მონაწილეობა, 2000-მა ქალმა დააფიქსირა, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყოფილა სექსუალური შევიწროვების ან ძალადობის მსხვერპლი. სექსუალური შევიწროვება რომ უმძიმესი პრობლემაა, ამაზე მიუთითებს ჯგუფის წევრი ქალების მიერ გაზიარებული ათასობით ისტორია, ამიტომაც გადავწყვიტე, რომ პირველი მასშტაბური პროექტი, რომელიც "სივრცე ქალური საუბრების" სახელით გაკეთდება უნდა ეხებოდეს სექსუალური ძალადობისა და შევიწროვების მსხვერპლ ქალებს. აპლიკაცია, რომლის შექმნასაც ვაპირებ ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებადი იქნება. ათასობით ქალის მიერ გამოყენებული აპლიკაცია დაგვანახებს რეალურად რამდენი ქალი ხდება სექსუალური ძალადობის მსხვერპლი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა თუ საკუთარ სახლებში. აქამდე არსებული ვარაუდების ნაცვლად, რეალურად რამდენად ბევრ ქალს უწევს ამ უსამართლობასთან გამკლავება, გვექნება ზუსტი სტატისტიკა, აგრეთვე გავიგებთ როგორი ტიპის სექსუალურ შევიწროვებებს აწყდებიან ქალები ყოველდღიურად, და რაც მთავარია, აპლიკაციას ექნება საგანმანათლებლო ფუნქცია. აპლიკაციის ფოკუს ჯგუფს წარმოადგენენ ქალები, თუმცა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი სხვა გენდერის წარმომადგენლებიც არიან. ამიტომ აპლიკაციაში დარეგისტრირების შესაძლებლობა ექნებათ კაცებსაც და მათ, რომლებიც თავს არ აიგივებენ ქალისა თუ კაცის გენდერულ მოცემულობებთან. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ აპლიკაციის შექმნისთვის არანაირი ფინანსური ინტერესი არ გამაჩნია, არც ფინანსურ მოგებას მოიტანს მსგავსი აპლიკაცია. მსურს, რომ ერთობლივად შევქმნათ პრეცედენტი საერთო ჩართულობით მიღებული პროექტის, რომელიც ქალურ სოლიდარობაზე იქნება დაფუძნებული.

ჯგუფში ბევრჯერ გაჟღერდა დონაციების სისტემის შექმნის აუცილებლობა, ბევრჯერ დავხმარებივართ გადაუდებელ მდგომარეობაში მყოფ ჯგუფის წევრ ქალებს და თუკი ეს პროექტი წარმატებას მოიპოვებს დონაციის ამ მეთოდით, ვფიქრობ მომავალში უფრო დავხვეწოთ დონაციების სისტემა და მასშტაბური გეგმებიც განვახორციელოთ ერთად.

პროექტის ბიუჯეტი: აპლიკაციის შექმნა მთლიანად ჯდება 11 000 ლარი, რაც მოხმარდება: აპლიკაციის პროგრამულ დაწერას, დიზაინის შექმნას, Play Store და Apple Store რეგისტრაციას, სერვერის შექმნას, აპლიკაციის რეკლამას და აპლიკაციის მუშა მდგომარეობის შენარჩუნებას მომდევნო წლებში.

საჩუქრები: 100 ლარზე მეტი წვლილის შემთხვევაში მიიღებთ ჯგუფის თემატიკის სასაჩუქრე ნაკრებს: მაისური, ჭიქა, სტიკერები, სუვენირები. თუკი ინვესტორი ან ორგანიზაცია გადაწყვეტს სრულად ან თანადაფინანსებით პროექტის დაფინანსებას, გთხოვთ მომმართოთ პირადად, რომ შევთანხმდეთ თანამშრომლობის მეთოდებსა და გზებზე. 

პროექტის ავტორის შესახებ: მე ვარ თამარ ფონიავა, ერთი წლის წინ შევქმენი ჯგუფი "სივრცე ქალური საუბრებისთვის", ვარ ფემინისტი აქტივისტი და ვეწევი საქართველოში სექსუალური განათლების გავრცელებას. წლებია ვმუშაობ ქალთა უფლებებზე. ჩემი აქტივიზმის მიზანია საგანმანათლებლო პროექტებით ქალებში ცნობიერების ამაღლება საკუთარ უფლებებზე.



ნეტგაზეთის სტატია ჯგუფზე: https://batumelebi.netgazeti.ge/news/255002/?fbclid=IwAR36wHCUnQOyyarqwpSifgTqO7xNFINfRXC8YzWWivZhTd5LV2qxlNIDyQs 

პარტნიორები