წვლილი

ფუტ-კარი
მდგომარეობა: 30.49%
წვლილის დასრულებამდე დარჩენილი დრო დასრულებული
პროექტის ბიუჯეტი 4690 ლარი

ფუტ -კარი


ეს პატარა მწერი ფუტკარია. ალბათ ბევრმა თქვენგანმა იცის რომ ფუტკარი, სხვა დამმტვერავ მწერებთან ერთად, ჩვენი სიცოცხლის შექმნაში მონაწილეობს დედამიწაზე. მისი წყალობით ჩვენ გვაქვს ხილი, ბოსტნეული, სამკურნალო მცენარეების მრავალფეროვნება, რომელთა მეშვეობით დღეს ფარმაციაში სამკურნალო პრეპარატებს ამზადებენ . ფუტკარი იმ მნიშვნელოვან არსებათაგანია, რომლის გარეშე დედამიწაზე სიცოცხლე არ იქნებოდა ამგვარი სახით. ასეთი მრავალფეროვნება და სილამაზე ვერ იარსებებდა, როგორსაც ჩვენ ვხედავთ ირგვლივ ბუნებაში.

მე რამდენიმე წლის წინ დავბრუნდი საფრანგეთიდან, სადაც ბიზნეს ადმინისტრირება დავამთავრე, მაგისტრატურის კურსი. საქართველოში ვიმუშავე რამოდენიმე საინტერესო კომპანიაში (ამჟამადაც ვმუშაობ), მაგრამ ჩემი მოწოდება ბუნებასთან დაბრუნებაა, მიწასთან ახლოს. კორონას პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა ჩვენი, ადამიანების შეცდომები, ჯანმრთელობის დაცვა-აღდგენის არასწორი გზები და, ახლა, როგორც არასდროს, ბუნებრივ პროდუქტებს და ადამიანების იმუნიტეტის გაზრდას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

მაქვს მეურნეობა ერწოს ქვაბულში, თიანეთის მუნიციპალიტეტში, სოფ. ხევსურთსოფელი, სადაც იდეალური ბუნებრივი პირობებია შექმნილი საუკეთესო თაფლის მისაღებად, მეფუტკრეობის სხვა პროდუქტების საწარმოებლად, როგორიცაა დინდგელი, ფუტკრის რძე, ჭეო, ცვილი, ყვავილის მტვერი. მეფუტკრეობა ჩვენი ოჯახური ტრადიციაა. პაპაჩემს და მამაჩემს დიდი ხნის განმავლობაში ჰყავდათ ფუტკარი. ბოლო დროს კი ჩვენი საოჯახო მეურნეობა შესუსტდა.
იმ მიზნით, რომ მეურნეობა კვლავ ავაღორძინოთ , ჩავაბარე მეფუტკრეობის პროფესიულ კურსზე წინამძღვრიშვილის კოლეჯში. შარშან დავასრულე აღნიშნული კურსი. პროფესიონალმა მეფუტკრემ, რომელიც ჯგუფის სასწავლო პროცესს გაუძღვა და კოლეჯის ტერიტორიაზე შექმნილმა საუკეთესო სასწავლო ბაზამ უდიდესი ცოდნა და გამოცდილება შემძინა ფუტკრის ოჯახების მოვლა-პატრონობისა და მეფუტკრეობის პროდუქტების მიღების საქმეში. ახლა მსურს ეს ცოდნა ჩემს მეურნეობაში განვახორციელო.

ბიუჯეტი :
ამჟამად მყავს სამი ფუტკრის ოჯახი (სუსტი ოჯახები შევაერთე). ასევე მაქვს ძალზე მოძველებული ინვენტარი და სკები, როგორც ფოტოზე ხედავთ. მოთხოვნილი თანხით , რომელში მონაწილეობას დაახლოებით ექვსასი ლარით შევძლებ, დაგეგმილი მაქვს :

ფუტკრის ახალი ათი ოჯახის შეძენა - 3500 ლარი, თითო ოჯახი 350 ლარი.
წოლელა სკების შეძენა - 4 ცალი, თითო 180 ლარი, სულ 720ლარი.
ჭეოს ამოსაღები - 2 ცალი, თითო 10 ლარი, სულ 20 ლარი.
ფუმფლის ამოსაყვანი ფითხი - 2 ცალი , თითო 10 ლარი, სულ 20 ლარი.
ნუკლეუსის სკა 3 ჩარჩოიანი პლასტმასის - 4 ცალი, თითო 25 ლარი, სულ 100 ლარი.
სარწყულებელი ბოთლით - 2 ცალი , ფასი 6 ლარი, სულ 12 ლარი.
დინდგელის ბადე - 6 ცალი, თითო 7 ლარი, სულ 42 ლარი.
ჯაგრისი - 1 ცალი , 10 ლარი.
ჰანემანის ბადე - 6 ცალი, თითო 6 ლარი, სულ 36 ლარი.
ჭუპრის გადასანერგი კალამი - 4 ცალი, თითო 5 ლარი, სულ 20 ლარი.
სადედე ჯამები - 120 ცალი, თითო 0,30 ლარი, სულ 36 ლარი.
ერთ რიგიანი ჯამები - 10 ცალი, თითო 2 ლარი, სულ 20 ლარი.
ორ რიგიანი ჯამები - 5 ცალი, თითო 3 ლარი, სულ 15 ლარი.
რძის ამოსაღები კოვზი - 2 ცალი, 7 ლარი, 14 ლარი.
დაფა დადანის ზომის ჩარჩოსთვის - 6 ცალი, თითო 5 ლარი, სულ 30 ლარი.
ჩარჩოების გადასატანი ყუთი - 1 ცალი, 20 ლარი.
ყვავილის მტვრის ასაღები - 4 ცალი, თითო 20 ლარი, სულ 80 ლარი .

საჩუქრები:
15 -დან 25 ლარამდე შენატანის შემთხვევაში - ½ კგ-დან 1 კგ თაფლი (მინდვრის ყვავილების) თანხის შესაბამისად / ან დინდგელი 200-დან-300 გრამი .
26-35 ლარი - 1 -დან 1,5კგ-მდე თაფლი თანხის შესაბამისად/ ან ყვავილის მტვერი 300 გრამი / ან ფუტკრის რძე 10 გრამი / ან დინდგელი 400 გრამი.
36-45 ლარი - 1 კგ -დან 1,5 კგ-მდე ფიჭიანი თაფლი თანხის შესაბამისად / ან 1,5-დან 2კგ-მდე გამოწურული თაფლი შესაბამისად/ ან ყვავილის მტვერი+ჭეო 400 გრამი / ან ფუტკრის რძე 15 გრამი.
და ა შ. 50 ლარიდან ზევით საჩუქრები გაიცემა ამავე პროპორციით შემდეგი ფასების გათვალისწინებით:

ყვავილის მტვერი 100 გრამი - 10 ლარი
ფუტკრის რძე 1გრამი - 3 ლარი
თაფლი პოლიფლორული 1კგ 25 ლარი (1 ლიტრიან ქილაში ჩადის 1,5 კგ თაფლი)
ფიჭიანი თაფლი 1 კგ 30 ლარი.
ჭეო - 100 გრამი 15 ლარი.
დინდგელი - 100 გრამი 8 ლარი .
ასევე მაქვს ცვილი (სანთელი) 1კგ - 30 ლარი.

ეს არის ამჟამინდელი ფასი. აღვნიშნავ, რომ ჩემი მეურნეობის ირგვლივ მინდვრები არ იწამლება, ამიტომ ჩემს მიერ შემოთავაზებული პროდუქტი არის მაღალხარისხიანი პროდუქტი. ფასებს თუ შეადარებთ, ნახავთ რომ მოგებაში ხართ ხარისხი/ფასის თანაფარდობით.

წვლილის ყველა შემომტანს ამ ფასებში მიეცემა წვლილის შესაბამისი საჩუქარი. მომდევნო თვეებში დიდად მოსალოდნელია, რომ ფასები გაიზრდება.

მინდვრის ყვავილების თაფლის ამოღება მოხდება აგვისტოში, სხვა პროდუქტების მიღება ივნისიდან -სექტემბრამდე. საჩუქრების მიწოდებაც შესაბამის პერიოდებშია შესაძლებელი. პროდუქტების მრავალფეროვნების მიღება დამოკიდებულია ამინდებზე, ღალიანობაზე, ყვავილობაზე, წვიმებზე და სხვა ბუნებრივ ფაქტორებზე. ამიტომ საჩუქრად გთავაზობთ ერთ-ერთს აღნიშნული პროდუქტებიდან, რადგან წინასწარ არ ვიცი რომელი პროდუქტის მისაღებად იქნება ხელსაყრელი ეს სეზონი.

წვლილის ყველა შემომტანს მადლობას გიხდით. გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კოორდინატები, რომ პროექტის ვადის დასრულების შემდეგ დაგიკავშირდეთ.

პროექტის ავტორის შესახებ:
მე ვარ ნინო ჯამაგიძე. დამთავრებული მაქვს ბიზნეს ადმინისტრირება ვერსალის უნივერსიტეტში. საფრანგეთში ვიმუშავე რამდენიმე ორგანიზაციის ადმინისტრირებაში ადამიანური რესურსების მართვის და მართვის კონტროლის (controle de gestion) მიმართულებით. საქართველოში დავბრუნდი რადგან ამ ქვეყანას განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, ფაქტიურად ახლა შენდება აქ ყველაფერი. ის, რასაც თითოეული ჩვენგანი ახლა გააკეთებს, იქნება ჩვენი ქვეყნის საფუძველი ამ ახალ ეპოქაში, რომელიც მერწყულის ეპოქის სახელითაა ცნობილი.

ვფიქრობ, კორონა ვირუსი კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს იმაზე რაც დიდი ხნის წინათ უნდა გაგვეგო. ნიშანდობლივია, რომ სიტყვა „კორონა“ ნიშნავს „გვირგვინს“, თავის გვირგვინს. ჩვენ თავით აზროვნებას ავყევით და გულით აზროვნება დავივიწყეთ. იმდენად შორს წავედით დავიწყებაში, რომ დედამიწა იძულებული გახდა გავეჩერებინეთ ვირუსით, რომელიც ყველას შიშის ზარს სცემს. ალბათ ამან ბევრ რამეზე უნდა დაგვაფიქროს. მსოფლიო აღარ იქნება ისეთი როგორიც აქამდე იყო. ამ გარდაქმნაში თითოეული ჩვენგანის მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია. ხოლო გულით აზროვნებისთვის - მხარდაჭერა ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. ფუტ-კარი კი საუკეთესო მწერია ამ კარის მაჩვენებლად.

მეფუტკრეობის პროდუქტები საუკეთესო საშუალებაა ადამიანის იმუნიტეტის ასამაღლებლად. ჩვენ , ადამიანებს, ჯერ არ შეგვიქმნია იმდენად მრავალფეროვანი და სასარგებლო პროდუქტი, როგორც ამას ფუტკარი ქმნის.

იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის, თქვენ კი იმედი გაქვთ , რომ მე ამ პროდუქტებით მოგამარაგებთ. მეჩვენება, რომ ეს ძალიან ლამაზი პერსპექტივაა.


ცნობისთვის:

თაფლში შემავალ ნივთიერებებს გააჩნია ძლიერი ანთების საწინააღმდეგო, ობის საწინააღმდეგო და ბაქტერიოციდური თვისებები, ანუ თაფლი ანადგურებს დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმებს და აფერხებს მათ გამრავლებას. დაწვრილებით https://agrokavkaz.ge/dargebi/mefutkreoba/thaphli-sasargeblo-inphormatsia-thaphlis-shesakheb.html

ყვავილის მტვერის შემადგენლობაშია ადამიანის ორგანიზმისათვის აუცილებელი დაახლოებით 200 ნივთიერება. 50-მდე ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება მონაწილეობს ორგანიზმის დარღვეული ფუნქციების აღდგენაში. დაწვრილებით იხილეთ : https://agrokavkaz.ge/dargebi/mefutkreoba/qhvavilis-mtveri-shemadgenloba-mopoveba-shenakhva-gamoqheneba.html

ფუტკრის რძე მიჩნეულია საკვებ დანამატად, რომელსაც ძლიერი სამკურნალო და ბიომასტიმულირებელი თვისებები მოეპოვება. იაპონელი მეცნიერები თვლიან, რომ ფუტკრის რძით იაპონელების სიცოცხლის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, მიუხედავად ქვეყნის ტერიტორიის ძლიერი რადიოაქტიური დაბინძურებისა. დაწვრილებით https://agrokavkaz.ge/dargebi/mefutkreoba/phutkris-rdze-mephutkreobis-produqtebi.html

დინდგელი – უნივერსალური ბაქტერიციდული და ბაქტერიოსტატიკური ნივთიერებაა. დ აქტივობის დონით, იგი ხშირად უფრო ძლიერი მოქმედებისაა, ვიდრე ანტიბიოტიკები და მოქმედებს ანტიბიოტიკებისადმი მდგრად მიკრო ორგანიზმებზეც . ანტიბიოტიკებისგან განსხვავებით დინდგელი არ ანადგურებს ორგანიზმისათვის საჭირო ბაქტერიებს. დაწვრილებით https://agrokavkaz.ge/dargebi/mefutkreoba/phutkris-dindgeli.html
 
ფუტ - კარი ღიაა

ფოტო Light way now

პარტნიორები