წვლილი

ხელოვნება, როგორც თერაპია
მდგომარეობა: 7.42%
წვლილის დასრულებამდე დარჩენილი დრო 40 დღე
პროექტის ბიუჯეტი 6000 ლარი
  წვლილი შეიტანეთ ქალთა გაძლიერებაში !

პროექტის განხორციელების ადგილმდებარეობა: ქალაქი დედოფლისწყარო.
პროქტის მიზანია ადგილობრივი სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და ძალადობის მსხვერპლი ქალების ფსიქოლოგიური დახმარება არტ თერაპიის მეშვეობით, მათი სოციალიზაციის ხელშეწყობა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.



სახელოსნო "ფესვები" დაარსდა 2006 წელს. სახელოსნოს აქვს 14 წლიანი გამოცდილება ტრადიციული ქართული ფარდაგის აღდგენა-განვითარებაში. აქ შექმნილი პროდუქტი ქსოვის სიმჭიდროვით, ფერადოვანი გამით, ორნამენტების კომპოზიციის მაღალ მხატვრულ დონეზე შესრულებით გამოირჩევა. სახელოსნო "ფესვები" ერთადერთია საქართველოში, რომელსაც საკმაო გამოცდილება აქვს ბუნებრივი საღებავებით ღებვისა. ეთნოგრაფიულ მასალაზე დაყრდნობით ვატარებთ ექსპერიმენტებს ისეთი საღებავებით ღებვაზე, რომლებიც აღარ გამოიყენება. ამ სფეროში წარმატება მნიშვნელოვანია, რადგანაც ტრადიციული ფერადოვანი გამა მნიშვნელოვნად განაპირობებს ნამუშევრების მაღალ ხარისხს, რაც არაერთხელ აღინიშნა სხვადასხვა გამოფენაზე ექსპერტების მიერ. გვაქვს მიღებული სერტიფიკატი, როგორც საუკეთესო ხალხური რეწვის პროდუქტი ამიერკავკასიაში. მონაწილეობა გვაქვს მიღებული გამოფენებში როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. ამავე ტექნოლოგიით ვქმნით აქსესუარებსა და ჩანთებს. ფესვების რწმენით, უმნიშვნელოვანესია გარემო, სადაც კონკრეტული პროდუქცია მზადდება. მისთვის შედეგზე მეტად მნიშვნელოვანი მუშაობის პროცესი, ოსტატების საქმეში ჩართულობა და ის ბუნებაა, რომელიც ქმნის "ფესვების" პროდუქციის უნიკალურ ფერებს. იგი ამაყად აცხადებს, რომ ქიზიყი და მისი ბუნებაა ის, რის გარეშეც ამ ვიზუალური შედეგის მიღება შეუძლებელი იქნებოდა.


"ფესვები" არ არის ადგილი, სადაც მხოლოდ სამუშაოდ მიდიხარ და იქ მთავრდება ყველაფერი, ეს არის ნავსაყუდელი დედოფლისწყაროში მცხოვრები ქალბატონებისა. აქ მოღვაწეობა ხელს უწყობს მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, თვითრეალიზაციის საშუალებით პიროვნული /ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაჯანსაღებას, რეგიონში არსებული უძველესი ტრადიციების აღორძინებით ეროვნული იდენტობის დადებითი კუთხით თვითშეგრძნების გაძლიერებას.

ეს ქალბატონები არიან: სახელოსნოს დამფუძნებელი და დიზაინერი ნინო ბახუტაშვილი, დიზაინერი ნინო სეთურიძე, მხატვარი-შემსრულებელი მანანა ინაშვილი, მხატვარი-შემსრულებელი ეკატერინე დევრისაშვილი, მხატვარი-შემსრულებელი მეგი ტუხაშვილი, შემსრულებელი ნინი იაკობიშვილი, შემსრულებელი ნონა ნაკვეთაური.

მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა ნათლად დაგვანახა, რომ ადამიანებს სრულფასოვანი ცხოვრებისთვის სჭირდებათ როგორც ფინანსური, ასევე ფსიქოლოგიური მდგრადობა. აღმოჩნდა, რომ არამარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში თანამედროვე ადამიანი ეკონომიკურთან ერთად ფსიქოლოგიურ კრიზისს განიცდის, რაც უფრო მეტად გამოიკვეთა პანდემიის დროს. არტ თერაპია აღმოჩნდა ის მექანიზმი, რომელმაც ჩვენ, სახელოსნოს წევრები გადაგვარჩინა დეპრესიისგან. მიუხედავად იმისა, რომ ამ ერთი წლის მანძილზე მსოფლიო გაჩერდა და განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა ეს პაუზა ხელოვანებისთვის, არ შეგვიწყვეტია მუშაობა და მთელი პანდემიის განმავლობაში ვქმნიდით ხელოვნების ნიმუშებს. აქედან გამომდინარე, მივხვდით, რომ ჩვენს ფსიქოლოგიურ მდგრადობას ხელი სწორედ ხელოვნებამ შეუწყო. დროთა განმავლობაში გავიაზრეთ, რომ ეს პროცესი სასარგებლო იქნებოდა სხვებისთვისაც, თუმცა პანდემიური მოვლენების გამო ჩვენი გაყიდვები საკმაოდ შემცირდა და სახელოსნოს არ გააჩნია ფინანსური რესურსი განახორციელოს ეს მეტად საჭირო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების ფსიქოლოგიურ დახმარებას არტ თრეაპიის მეშვეობით. გარდა ამისა, ჩვენ ვთავაზობთ სასწავლო კურსს, სადაც შეისწავლიან ხელსაქმეს (ფარდაგის ქსოვა, აქსესუარების დამზადება, შალის ძაფის ბუნებრივი საღებავებით ღებვა) და ამავდროულად დასაქმდებიან ჩვენს სახელოსნოში. ამ ეტაპზე შესაძლებლობა გვაქვს ვასწავლოთ და დავასაქმოთ ათი ადგილობრივი ქალბატონი. ჩვენი სახელოსნოს წევრები, რომლებიც არიან პროფესიონალები და უკვე თხუტმეტი წელია მოღვაწეობენ ამ სფეროში, მოხალისეობრივად შეასწავლიან მათ ხელსაქმეს.



პროქტის განხორციელებისთვის გვჭირდება მასალის შეძენა: ნატურალური ტყავი, შალის ძაფი და ფურნიტურა აქსესუარებისთვის. პროექტის ხანგრძლივობაა 6 თვე. პირველ ეტაპზე შეირჩევა ათი ადგილობრივი ქალბატონი და დავიწყებთ მათთან სასწავლო კურსს, რომელიც მოიცავს ეტაპებს: ქსოვის შესწავლა, ტყავის დამუშავება, აქსესუარების დამზადება და ღებვა. მათ მიერ შექმნილი აქსესუარები განთავსდება ჩვენს ონლაინ მაღაზიებში. რაც საშუალებას მისცემს მათ, ჰქონდეთ დამატებითი შემოსავლის წყარო. აღნიშნული პროექტის მეშვეობით დავეხმარებით ადგილობრივ ქალებს მოწყვლადი ჯგუფიდან. გავაუმჯობესებთ მათ ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ მდგომარეობას, ხელს შევუწყობთ დაეუფლონ ახალ პროფესიას და შეიძინონ უნარ-ჩვევები, რომლებიც სასიცოცხლოდ აუცილებელია იმისათვის, რომ სამომავლოდ შეძლონ საზოგადოებაში დამკვიდრება და თვითრეალიზაცია. 

პროექტის მიმდინარეობისას გადავიღებთ ვიდეოებს, რომლებიც პერიოდულად განთავსდება ჩვენს ფეისბუქ გვერდზე. ეს აქტივობა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ფართო საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ და სხვებსაც ვუბიძგოთ მსგავსი აქტივობებისკენ. ასევე, ჩვენს მხარდამჭერებს მუდმივად ექნებათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა წვლილი შეაქვთ ამ მნიშვნელოვან საქმეში.

პროექტის ბიუჯეტი:
5000 დეცი ნატურალური ტყავი - 3500 ლარი
20 კილოგრამი შალის ძაფი - 500 ლარი
მეტალის ფურნიტურა აქსესუარებისთვის - 1000 ლარი
ტილოს ქსოვილი - 700 ლარი
სასარჩულე ქსოვილი - 300 ლარი

ჩვენი თანამონაწილეობა: სახელოსნო აღჭურვილია ყველა საჭირო დანადგარით: ტყავისა და ქსოვილის საკერავი მანქანები, საქსოვი დაზგები, ტყავის დასამუშავებელი ხელსაწყოები. გაგვაჩნია ინტელექტუალური რესურსი და საკმაო გამოცდილება, რომ თვითონ წარვმართოთ სწავლების პროცესი. ჩვენი სახელოსნოს წევრები მოხალისეობრივად ჩაატარებენ კურსს.

საჩუქრები:
5-დან 10 ლარამდე - ნატურალური ტყავისგან დამზადებული ჭიქის დასადები
11-დან 30 ლარი - ნატურალური ტყავისგან დამზადებული გასაღების საკიდი (ბრელოკი)
31-დან 50 ლარი - ნატურალური ტყავისგან დამზადებული მცირე ზომის საფულე ან ნაქსოვი, ორნამენტებით გაწყობილი სათვალის ჩასადები
51 ლარიდან - მცირე ზომის ხელჩანთა

ყველა ზემოთ აღნიშნული პროდუქტი არის ხელნაკეთი და ექსკლუზიური.
გთხოვთ, წვლილის შეტანისას თქვენი კოორდინატები მიუთითოთ, რათა საჩუქრების გადმოცემა შევძლოთ.



პროექტის ავტორის შესახებ:
ნინო ბახუტაშვილი, პროფესიით მხატვარ-არქიტექტორი ვარ, ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ ამ პროფესიის გარდა სხვა რაიმე მიმართულებას ავირჩევდი. დედოფლისწყაროში გათხოვების შემდეგ ჩემი არქიტექტურა არავის დასჭირდა სამწუხაროდ. შვიდი წელი შვილებს ვზრდიდი და ამ პერიოდში სულ ვფიქრობდი რა უნდა ყოფილიყო ის სასარგებლო საქმიანობა ამ მოწყვლადი რეგიონისთვის, რაც მეც მომცემდა შთაგონებას და სხვასაც გააბედნიერებდა. ვის არ გვყვარებია ბავშვობაში ძველი ნივთების თვალიერება, ყველაფერი მიმზიდველად მოგვჩვენებია. ბევრ ჩვენგანს ლამაზ მოგონებად გამოგვყვა ბებოს კარადა თუ ტახტი (ძველები "ატამანკას" რომ უწოდებდნენ), კომოდი თუ სოფლის ბუხრიან ოთახში მდგარი ძველთაძველი სკივრი... სწორედ ასეთ სკივრში აღმოვაჩინე ის არაჩვეულებრივი სამყარო, რასაც ქიზიყური ორნამენტი ჰქვია. დროსა და ჩრჩილს გაეცრიცა ფარდაგები, ხურჯინები, ნაქსოვი წინდები, რომელთაც მაინც შერჩენოდათ საუცხოო მორთულობა და ფერთა შეხამება. ძალა, რომელმაც მიბიძგა ერთ დროს ჰობის დონეზე ნასწავლი გობელენის ქსოვის ხელოვნება მიმემართა სრულიად დავიწყებული ამ უნიკალური ტრადიციული ხელსაქმის აღდგენა-განვითარებისთვის - აღმოჩნდა ჩემთვის სრულიად ახალი და გამოწვევებით სავსე სამყარო, რომელიც დღემდე მაბედნიერებს და მუდმივად შთამაგონებს განვითარებისა და ახალი აღმოჩენებისკენ.

2006 წელს დავაარსე სახელოსნო "ფესვები". ჯერ როგორც საინიციატივო ჯგუფი, ხოლო 2011 წლიდან შპს "ფესვები". სახელოსნო მდებარეობს დედოფლისწყაროში, აქ დასაქმებულია რვა ადგილობრივი ქალი. მათ შორის ერთი შშმ პირიც.

პარტნიორები