წვლილი

ენების სასწავლო ცენტრი
მდგომარეობა: 0%
წვლილის დასრულებამდე დარჩენილი დრო 82 დღე
პროექტის ბიუჯეტი 3000 ლარი
,,განათლება-საგანძურია, შრომა კი - მისი გასაღები"

პროექტის განხორციელების ადგილმდებარეობა : ქ.დედოფლისწყარო.
პროექტის მიზანია გავაფართოვო და მოვაწყო თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასწავლო კაბინეტი ; დავეხმარო ნებისმიერ ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს შეისწავლოს ინგლისური ენა. კლას-კაბინეტი ჯგუფურ და ინდივიდუალურ მეცადინეობებთან ერთად, უცხო ენების შესწავლით დაინტერესებულ პირებს ასევე შესთავაზებს თანამედროვე აუდიო და ვიდეო გაკვეთილებს ინგლისურ ენაზე. გარდა ინგლისური ენისა, დიდი სურვილი მაქვს მოსახლეობას, კერძოდ კი ეთნიკურ უმცირესობებს, რომლებიც ცხოვრობენ ჩემს მუნიციპალიტეტში შევთავაზო ქართული ენის შესწავლაც.

პროექტის დეტალური აღწერა, პრეზენტაცია: უცხო ენების სწავლების დიდი პრაქტიკა მაქვს და საკმაო გამოცდილებაც დავაგროვე. მინდა, რომ ჩემი წვლილი მეც შევიტანო და მშობლიური რაიონის მოსახლეობისათვის უფრო ხელმისაწვდომი გავხადო უცხო ენების შესწავლა მსოფლიოში აღიარებული თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიებით. ჩემი დიდი ხნის ოცნებაც სასწავლო ცენტრის გახსნაა, მაგრამ ვინაიდან ამ ეტაპზე ვერ ვახერხებ ცალკე ფართის შეძენას და ცენტრის გახსნას, გადავწყვიტე საკუთარი სახლის ეზოში აშენებული ჩემი პატარა კაბინეტი, სადაც ამჟამად ვმუშაობ და ვიღებ მოსწავლეებს, გავაფართოვო და უფრო მეტი საგანმანათლებლო ფუნქციები შევძინო.
მუნიციპალიტეტში ცხოვრობენ ეთნიკური უმცირესობები მათ შორის: აზერბაიჯანელები, სომხები, რუსები, ბერძნები და ბოშები. მათ პრობლემები აქვთ არა მარტო უცხო ენის შესწავლაში, ასევე ქართული ენის სწავლაში და ხშირად ექმნებათ კომუნიკაციის პრობლემები, მიუხედავად ამისა, რომ მათი შვილები ქართულ სკოლებში სწავლობენ. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, სადაც საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებას ვგეგმავ, ვფიქრობ, რომ საინტერესო და პროდუქტიული იქნება ადგილობრივი მოსახლეობისათვისაც ამ კუთხით. დიდი სურვილი მაქვს, რომ გარდა ინგლისური ენისა ადგილობრივ მოსახლეობას, კერძოდ კი ეთნიკურ უმცირესობას, შევთავაზო ქართული ენის შესწავლა. ვფიქრობ, რომ საინტერესო და პროდუქტიული იქნება არა მარტო უცხო ენის, ასევე ქართული ენის შესწავლაც.

ჩემი სასწავლო კაბინეტი ერთი პატარა, იზოლირებული ოთახია მაგიდით და სკამებით. დროთა განმავლობაში მოსწავლეთა რაოდენობის გაზრდამ და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვამ უცხო ენების შესწავლაში, მაჩვენა რომ არც ფართი მყოფნის ამისთვის და არც ტექნიკური აღჭურვილობა. ამ ეტაპზე ვგეგმავ კაბინეტის გვერდით სათავსო ოთახის ჩემი მიზნებისთვის გამოყენებას. დავიწყე გადაკეთება საკუთარი ძალებით, ამჟამად ოთახი მშენებარე პროცესშია, მინდა რომ გავარემონტო, დავამონტაჟო გამათბობელი (ბუნებრივი აირი შეყვანილია), მოვაწყო ბიბლიოთეკა შესაბამისი ლიტერატურით, ვიდეო და აუდიო მასალებით და აღვჭურვო შესაბამისი ტექნიკით (კომპიუტერი, მონიტორი, პროექტორი) ვიდეო/აუდიო გაკვეთილების ჩასატარებლად. სამშენებლო სამუშაოების თითქმის ნახევარი დასრულებულია, მაგრამ სამწუხაროდ აღარ დამრჩა თანხები მის დასასრულებლად. მხოლოდ ჩემი დანაზოგით ოთახის დასრულებას და სათანადოდ აღჭურვას ვერ შევძლებ. არ მინდა, რომ შევჩერდე, რადგან საშენი მასალების ფასი ყოველდღიურად მატულობს და თითოეული დაკარგული დღე მასალების ძვირად შეძენის ტოლფასია.

გადავწყვიტე, რომ ჩემი პროექტის განსახორციელებლად თქვენთვის დახმარება მეთხოვა. მეთხოვა, დიახ თქვენთვის, ძველი თუ ახალი მეგობრებისათვის და საერთოდ უცხო ადამიანებისათვის. დამიდექით გვერდით და დამეხმარეთ ჩემი იდეის განხორციელებაში. ჩემი უცხო ენის კაბინეტის გაფართოვების შემთხვევაში, რომელიც ყველა ასაკობრივ ჯგუფზე იქნება გათვლილი, პირველ ეტაპზე შევთავაზებ რამდენიმე სახის სასწავლო კურსს: 1) სალაპარაკო ენის შემსწავლელი კურსები. (3 თვიანი კურსი ინგლისური და ქართული ენის სალაპარაკო დონეზე შესწავლა); 2) მოსწავლეებისა და აბიტურიენტების მომზადება ინგლისურ ენაში; (შესაძლებელი იქნება, როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური მეცადინეობები, კვირაში 2 ან 3 მეცადინეობა 1 საათიანი ხანგრძლივობით. სასწავლო პროგრამაში იქნება ასევე ე. წ. ,,movie day”, აუდიო გაკვეთილი, ყველანაირ ასაკობრივ ჯგუფზე, დონეზე და პროგრამაზე მორგებული ). 3) ქართული ენის შესწავლა ეთნიკური უმცირესობის ნებისმიერი მსურველისათვის. (სალაპარაკო ქართული ენის შესწავლა და არაქართველი მოსწავლეების მომზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში).

პროექტის ბიუჯეტი : პროექტის ბიუჯეტი თქვენი დახმარებით და ჩემი დანაზოგით, იმედია შევძლებ ჩემი მიზნების განხორციელებას. პატარა კლას/კაბინეტის გაფართოვებას და თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით, შესაბამისად აღჭურვას: 1) მეტალოპლასტმასის ვიტრაჟი სენდვიჩპანელით (შეძენა და მონტაჟი)- 900 ლარი; 2) გიბსოკარდონი (6 ც. ) – 100 ლარი; 3) იატაკის მოწესრიგება, ლამინატის დაგება - 500 ლარი; 4) ხელოსნის ხარჯი -400 ლარი; 5) ბუნებრივი აირის გამათბობელის შეძენა/დამონტაჟება - 600 ლარი; 6) ბიბლიოთეკის მოწყობა. ინგლისური ენის სასწავლო ლიტერატურის შეძენა- (მათ შორის აუდიო და ვიდეო გაკვეთილები)- 500 ლარი;
ჩემი დანაზოგით შევიძენ: 1) ავეჯი-სულ 680 ლარი; ( 2ც. სასწავლო მაგიდა- 300 ლ. 6ც. სკამი - 120 ლ. 1ც. წიგნების კარადა-260 ლ.) 2) ტექნიკური აღჭურვილობა - სულ 1320 ლარი; (1ც. ნოუთ ბუქი - 900 ლარი; 1ც. პროექტორი -350 ლარი; დინამიკები- 70 ლარი) პროექტის ბიუჯეტი სულ 5000 ლარია. აქედან 2000 ლარს საკუთარ დანაზოგს დავხარჯავ, რაც როგორც ხედავთ არა არის საკმარისი. დანარჩენი სამუშაოების შესრულებისთვის 3000 ლარი დამჭირდება, რაშიც თქვენი დახმარების და გულისხმიერების იმედი მაქვს.

საჩუქრები : თითოეული თქვენგანის მიერ შემოწირული თანხისათვის ძალიან მადლობელი ვიქნები და გთავაზობთ სიმბოლურ საჩუქრებს: 5-დან 10 ლარამდე - ერთი ინდივიდუალური გაკვეთილი; 10-დან 20 ლარამდე - ნებისმიერი სირთულის და ტერმინოლოგიის ტექსტის ან დოკუმენტის თარგმნა; 20-დან 50 ლარამდე - დაწყებითი კლასის მოსწავლის მომზადება; 50-დან 100 ლარამდე - მაღალი კლასის მოსწავლისა და აბიტურიენტის მომზადება; 300 ლარი- 25% -იანი ფასდაკლება სალაპარაკო ენის შესწავლის სრულ კურსზე; გთხოვთ, წვლილის შეტანისას თქვენი კოორდინატებიც მიუთითოთ, რომ დაკავშირება შევძლო.

პროექტის ავტორის შესახებ : მე ვარ ხათუნა ქოქუაშვილი, 43 წლის, დავიბადე და გავიზარდე დედოფლისწყაროში. დავამთავრე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ქართული და ინგლისური ენების პედაგოგის კვალიფიკაციით. ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობა კი სტუდენტობიდან დაიწყო. რამდენჯერმე მეზობლის ბავშვს დავეხმარე დავალების მომზადებაში. შემდეგ ოჯახმა მთხოვა, რომ ბავშვი მომემზადებინა და ამაში თანხას გადამიხდიდა. რამდენიმე თვის შემდეგ, მათ გამიწიეს რეკომენდაცია თავიანთ სამეგობრო და სანათესაო წრეში. ასე გავხდი სტუდენტი გოგონა რეპეტიტორი და მალე უნივერსიტეტიც დავამთავრე. დღეს, უკვე, თითქმის 20 წლიანი პედაგოგიური პრაქტიკის შემდეგ, შემიძლია ვთქვა, რომ ეს საქმე და პროფესია არა მარტო ჩემი შემოსავლის წყაროდ, არამედ ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. მიუხედავად უცხო ენების ცოდნისა, არასოდეს მიფიქრია საქართველოს დატოვება და ემიგრაციაში წასვლა. ჩემი მიზანი თვითგანვითარება და საკუთარ ქვეყანაში ღირსეული საქმის კეთებაა. დღეის მდგომარეობით, ამ ყველაფერს ვაკეთებ საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, მაგრამ ჩემი სამომავლო გეგმებისთვის საკუთარ სახლის ეზოში მოწყობილი ერთი საკლასო ოთახი სამომავლოდ არ არის საკმარისი. პირველად საკუთარ სახლში ოთახი გამოვყავი ბავშვების სამეცადინოდ, მაგრამ სრულფასოვანი გაკვეთილებისათვის მეტი იზოლაცია იყო საჭირო, რაც ოჯახის პირობებში ნაკლებად შესაძლებელი იყო. შემდეგ ეზოში არსებული სათავსო ოთახი გავარემონტე და კლას-კაბინეტი მოვაწყე. დროთა განმავლობაში მოსწავლეთა რაოდენობა იზრდება, ასევე უფრო მეტ ადამიანს უჩნდება უცხო ენის შესწავლის სურვილი და ჩემი პატარა საკლასო ოთახი ვეღარ აკმაყოფილებს ვერც მოსწავლეთა რაოდენობას და ვერც უცხო ენების შესწავლის თანამედროვე ტექნოლოგიებს. ჩემი ოცნება იყო უცხო ენების სასწავლო ცენტრის გახსნა და ამ მიზნით ფართის გამოყოფაზე არაერთხელ მივმართე სხვადასხვა ინსტანციებს, მაგრამ უშედეგოდ. ამის მერე გადავწყვიტე, რომ საკუთარი სახლის ეზოში არსებული კლას/კაბინეტი გავაფართოვო და შესაბამისად აღვჭურვო. მაქვს მცირეოდენი დანაზოგიც, მაგრამ ეს არ იქნება საკმარისი. ამისათვის კი თქვენი დახმარება და თანადგომა დამჭირდება, რომ შევიძინო სამშენებლო მასალა. იმედია გვერდში დამიდგებით და შევძლებ ჩემი მიზნების განხორციელებას.
წინასწარ გიხდით მადლობას მხარდაჭერისთვის!

პარტნიორები