წვლილი

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა მხარდაჭერა
მდგომარეობა: 6.33%
წვლილის დასრულებამდე დარჩენილი დრო 59 დღე
პროექტის ბიუჯეტი 1500 ლარი
                                                   ბავშვებისთვის ერთად შევქმნათ საინტერესო, სახალისო და სასარგებლო გარემ !

პროექტის
განხორციელების ადგილმდებარეობა : თელავი, სოფ. ნაფარეული

პროექტის მიზანია მენტალური განვითარების შეფერხების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის დამატებითი სივრცის შექმნა, სადაც შეძლებენ ერთად ითამაშონ, განავითარონ სხვადასხვა აქტივობებით მსხვილი და ნატიფი მოტორიკა, განიტვირთონ და მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენონ დრო, რომელსაც სახლში თანატოლების გარეშე ატარებენ. გვსურს დაგვეხმაროთ იმ ბავშვებს ცხოვრების გამრავლფეროვნებასა და გახალისებაში, რომლებიც ეტლს არიან მიჯაჭვული ან სხვადასხვა მიზეზის გამო ( მაგ: აუტისტური სპექტრის აშლილობა...) უჭირთ კომუნიკაცია.

პროექტის დეტალური აღწერა, პრეზენტაცია : მინდა სოფელში გვქონდეს პატარა სივრცე, თუნდაც ერთი ოთახი ეზოთი, სადაც როგორც ზემოთ აღვნიშნე მენტალური განვითარების შეფერხების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის იქნება განსატვირთი სივრცე. მათ შეეძლებათ თანატოლებთან ერთად ითამაშონ, დახატონ, გამოძერწონ, იმღერონ, იცეკვონ, შეგვეძლება დავდგათ მინი სპექტაკლებიდა ..
რადგან ასეთი ბავშვები ძირითადად სკოლით და სახლით შემოიფარგლებიან, ისინი მოკლებულნი არიან ბავშვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანს - თამაშს. ყველასთვის ცნობილია, რომ თამაში არის მთავარი განმავითარებელი ბავშვისთვის და აქ შესრულებული როლები განსაზღვრავს მათი მომავალი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს. ასეთი ბავშვების მშობლები დიდი ვალდებულების ქვეშ იმყოფებიან, რადგან მათ უნდა არჩინონ ოჯახი, გაზარდონ მათი და- ძმები, ატარონ დამატებით სამედიცინო მომსახურებაზე და .. ამიტომ მათ ცოტა დრო და ენერგია რჩებათ იმისთვის რომ ხშირად ატარონ სტუმრად, ან გასართობ ცენტრებში. მინდა დავეხმაროთ მათაც და კვირაში რამდენიმე საათით გავაკეთოთ ორმაგად სასარგებლო საქმე : დავეხმაროთ მშობლებს და გავულამაზოთ დღეები ბავშვებს.

პროექტის ბიუჯეტი : თანხა დაგვჭირდება ოთახის მოსაწყობად და მცირე ინვენტარის და რესურსების საყიდლად:
-
ოთახის ნათელ ფერებში შეღებვა, გალამაზება, შერემონტება - 500 ლარი.
-
პატარა ხალიჩები, ბალიშები, ორი პატარა მაგიდა და სკამები - 600 ლარი.
-
სახატავი საშუალებები ( რვეულები, ფანქრები, გუაში ), პლასტელინი, მუსიკალური ცენტრი - 200 ლარი.
- ეზოს მოწყობა - 200 ლარი

ფოტოები ასახავს იმ შენობას და ოთახს, სადაც გვინდა განვახორციელოთ ჩვენი პროექტი. ასევე, აქ არის ჩვენი გუნდის ფოტო - ადამიანების, რომლებსაც ბავშვებისთვის ბევრი სასიკეთო საქმე გვაქვს გაკეთებული და არც ერთი წუთით არ გვეზარება არც ახლა. მათ გარდა, ძალიან ბევრი ადამიანია, რომლებიც, იმედი გვაქვს, გვერდში დაგვიდგებიან ამ სასიკეთო საქმეში, მათ უკვე გამოთქვეს ამის მზაობა და სურვილი.

საჩუქრები : მხარდამჭერებს დავპატიჟებთ ჩვენთან სხვადასხვა ღონისძიებებზე. გადავიღებთ მათთან სამახსოვრო ფოტოებს, გავაკეთებთ ვიდეო კოლაჟს. გავაცნობთ ხალხს მათ მიერ გაწეული სიკეთის ამბავს და რაც ყველაზე მთავარია, ისინი მიიღებენ უდიდეს სიყვარულს ბავშვებისგან, რომლებიც განსაკუთრებით გრძნობენ სითბოს, ყურადღებას. მათ არასოდეს დაავიწყდებათ ყურადღება, სიკეთე და ასმაგი სიკეთით და სიყვარულით დაუბრუნებენ უკან.

პროექტის ავტორის შესახებ: მე ვარ სოფო ბერიაშვილი, 39 წლის, სპეციალობით - გეოგრაფ-ეკოლოგი, გარემოსმცოდნე. ჯერ კიდევ სტუდენტმა დავიწყე გეოგრაფია-ბუნებისმეტყველების მასწავლებლად მუშაობა. ორივე საგანში ვარ სერტიფიცირებული. შემდეგ 4 წლის განმავლობაში ვიმუშავე ორ ბაგა-ბაღში მენეჯერად. დავბრუნდი სკოლაში სპეციალურ მასწავლებლად. მყავს 9 სსსმ მოსწავლე, აქედან ერთი არის შშმ მოსწავლე. ჩაბარებული მაქვს სტატუსის ასამაღლებელი გამოცდაც და ამჟამად ვარ უფროსი სპეციალური მასწავლებელი. 17 წელია უწყვეტად ვმუშაობ ბავშვებთან და ჩემი თავი სხვაგან ვერ წარმომიდგენია. ძალიან მიყვარს, მესმის მათი და მინდა უფრო მეტი გავაკეთო მათთვის. მყავს ორი ბიჭი: 12 და 8 წლის.

მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის !

პარტნიორები